European Commission logo
English English
CORDIS - EU research results
CORDIS

Enhanced bi-regional STI cooperation between the EU and the Black Sea Region

Article Category

Article available in the following languages:

შავი ზღვის რეგიონის მკვლევართა დაახლოება

პრინციპულად ახალმა პროექტმა BLACK SEA HORIZON შავი ზღვის რეგიონში ერთმანეთთან დააკავშირა დამფინანსებელი ორგანიზაციები, აკადემიური დაწესებულებები და მეცნიერები, განსაზღვრა საერთო კვლევითი პრიორიტეტები და სტიმული მისცა თანამშრომლობის ახალ პროექტებს, როგორიცაა Black Sea CONNECT.

Society icon Society

შავი ზღვა, რომელიც ანტიკური საბერძნეთის დროიდან საკომუნიკაციო საშუალების როლს ასრულებდა, ქვეყნების ერთმანეთთან დაკავშირებას დღესაც აგრძელებს. „შავი ზღვა განსხვავდება ატლანტიკის ოკეანისგან, რომელიც ევროპის საზღვარია,“ ამბობს პროექტის BLACK SEA HORIZON (Enhanced bi-regional STI cooperation between the EU and the Black Sea Region) მენეჯერი მარტინ ფელიქს გაიდუზეკი, რომელიც ავსტრიის სოციალური ინოვაციის ცენტრში (ZSI) მუშაობს. „ეს საერთო ევროპული რესურსია, რომელიც რეგიონში ქვეყნებს ერთმანეთთან აახლოებს. ყველა ეს ქვეყანა დგას ისეთი თანაზომადი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა გარემოს დეგრადაცია, რესურსების ეფექტური გამოყენება, წყალმომარაგება, ჩამდინარე წყლების დამუშავება და ზღვაზე როგორც სატრანსპორტო კორიდორზე წვდომა.“ ეს ასევე გეოპოლიტიკურად დაძაბული რეგიონია. აქედან გამომდინარე, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში საერთო მიზნებმა შეიძლება ხელი შეუწყოს რეგიონულ პოლიტიკურ და ასევე მდგრად ეკონომიკურ თანაგანვითარებას.

საერთო პრიორიტეტების განსაზღვრა

ამის გათვალისწინებით, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის (STI) დარგებში რეგიონული თანამშრომლობის ხელშესაწყობად 2015 წელს შეიქმნა პროექტი BLACK SEA HORIZON. „რეგიონის სიამაყეა 500 000 მკვლევარი, 1 500 უნივერსიტეტი და 3 000 კვლევითი დაწესებულება,“ აღნიშნავს გაიდუზეკი. „ჩვენ მივხვდით, რომ დამფინანსებელ სააგენტოებს შორის გაუმჯობესებული კოორდინაციითა და ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად მკვლევრების ინტენსიური მხარდაჭერით ერთად უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია.“ უკვე განხორციელებულმა პროექტმა Black Sea ERA-Net საფუძველი ჩაუყარა და სტიმული მისცა ქვეყნებს შორის მკვლევართა თანამშრომლობას. მოგვიანებით ეს გახდა პროექტის BLACK SEA HORIZON შემადგენელი ნაწილი შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყნისა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის დამფინანსებელი სააგენტოების, სამინისტროებისა და მკვლევრების ერთმანეთთან დაკავშირების გზით. „პროექტის მთავარ საფუძველს წარმოადგენდა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის დარგებში დიალოგის დაწყება,“ დასძენს გაიდუზეკი. „ჩვენი მიზანი სტრატეგიული კვლევების პროგრამის შემუშავება კი არ ყოფილა, არამედ კონკრეტული მოქმედებების განსაზღვრა თანამშრომლობის ხელშესაწყობად.“ თავდაპირველად განისაზღვრა შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყნისთვის რელევანტური სამი თემატური მხარე: მდგრადი სოფლის მეურნეობა; წყლის რესურსების ეფექტურობა; გამოყენებითი ქიმია და ჭკვიანი მასალები. „ეს სფეროები ნამდვილად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, რომლებსაც ადეკვატური შესაძლებლობები და პოტენციალი აქვთ კვლევების დარგში უფრო ინტენსიური თანამშრომლობისთვის,“ აღნიშნავს გაიდუზეკი. „მაგალითად, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მარცვლეული კულტურების კულტივაციის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში მეცნიერებმა წარმატებას მიაღწიეს და დეტოქსიფიკაციის გზით ნიადაგისთვის წყლის ხარისხი გააუმჯობესეს. რუსი მეცნიერები საწვავი ელემენტების ახალ მემბრანებზე მუშაობენ.“ შეიქმნა სახელმძღვანელო წესები რეგიონული სამრეწველო კვლევითი კლასტერების განვითარების თაობაზე. ეს კლასტერებია: ურთიერთშემვსები უნარებისა და საერთო ინტერესების მქონე დაწესებულებები და საწარმოები. სემინარებსა და კონფერენციებზე ერთად მოიყარეს თავი კვლევასა და განვითარებაში ჩართულმა დაინტერესებულმა მხარეებმა, რათა სამეცნიერო კვლევებში ინვესტიციების კოორდინაციის უკეთესი გზები განეხილათ. „ნდობით აღსავსე ურთიერთობის დამყარება უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების გადასაწყვეტად,“ განმარტავს გაიდუზეკი. „ჩვენ ასევე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონიდან ევროკავშირში მკვლევართა მეტი მობილობის წახალისების გზები.“

კვლევითი შესაძლებლობების შექმნა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობის წასახალისებლად ეს პროექტი წარმატებული გამოდგა და სტიმული მისცა თანამშრომლობის ახალ პროექტებს, როგორიცაა Black Sea CONNECT. პროექტის დაწყების დღიდან მინიმუმ 10 %-ით გაიზარდა პროექტების ინიციატივები, რომლებშიც ჩართულია პარტნიორები შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. Horizon 2020-ის საზაფხულო სკოლაში წარმატებით დაასრულა სწავლება 25-მა ახალგაზრდა მკვლევარმა შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ამ სწავლებამ ისინი ევროკავშირის დაფინანსებით განსახორციელებელ კვლევით პროექტებში მონაწილეობის მისაღებად მოამზადა. პროექტმა ასევე კვლევებზე დაფუძნებული მინიმუმ 30 სამრეწველო კლასტერი გამოავლინა პარტნიორ ქვეყნებში. შავი ზღვის რეგიონიდან სამრეწველო კლასტერების დაახლოებით 15 მენეჯერს ჩაუტარდა სწავლება და მათი დაკავშირება მოხერხდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მენეჯერებთან. რეგიონში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ახალი პერსპექტივა გააჩინა პარტნიორობამ, რომელიც 19 წევრისგან შედგება, მათ შორისაა პარტნიორები აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. „ჩვენ გვსურდა, ახალი შესაძლებლობები შეგვექმნა მომავალი თაობისთვის, რათა მათთვის ცვლილებების ლოკომოტივად გადაქცევის სტიმული გაგვეჩინა,“ აღნიშნავს კოორდინატორი. „ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ მკვლევართა როლი და კვლევის მიმართულება უფრო მკაფიო იყოს.“ გაიდუზეკი ხედავს განვითარების პერსპექტივასაც. „მაგალითად, მოლდოვამ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დაფინანსების სისტემის რესტრუქტურიზაცია ჩაატარა და სპეციალური ორგანო შექმნა,“ დასძენს ის. „საქართველოში ახლა უკეთ აცნობიერებენ სოციალური ინოვაციის თემას და კვლევის წვლილს ამ საქმეში. ეს მართლაც მუდმივი პროცესია.“

Keywords

BLACK SEA HORIZON, თანამშრომლობა, წყალი, გარემო, ტრანსპორტი, სოციალური ინოვაცია, დაფინანსება, კოორდინაცია, სამრეწველო, კვლევა

Discover other articles in the same domain of application