European Commission logo
English English
CORDIS - EU research results
CORDIS

Article Category

Results Pack

Article available in the following languages:

ამბიციური თანამშრომლობა ჯანსაღი, მოქნილი და პროდუქტიული შავი ზღვისთვის

ისტორიულად შავი ზღვა ევროპელებზე ყოველთვის ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა. ის დღესაც კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზღვაა. შავი ზღვა უნიკალური საზღვაო რეგიონია, რომელიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ბიომრავალფეროვნებით. ის ათასწლეულების განმავლობაში წყლის არტერიის როლს ასრულებდა პროდუქტებისთვის, იდეებისა და ადამიანებისთვის. მაგრამ შავი ზღვა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მათ შორისაა, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოწვეული პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაწყებულ დეგრადაციას უწყობს ხელს. CORDIS-ის Results Pack გამოყოფს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მნიშვნელოვანი და სექტორთაშორისი კვლევების ინიციატივებს, რომლებიც შავი ზღვის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაზეა მიმართული მისი კვლევისა და ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერის გზით.

Climate Change and Environment icon Climate Change and Environment
Society icon Society
Food and Natural Resources icon Food and Natural Resources

შავი ზღვის რეგიონში დაახლოებით 20 მილიონი მუდმივი მაცხოვრებელია, რომლებიც განაწილებულია შვიდ ქვეყანაში: ბულგარეთში, საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში, რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში. გარდა ამისა, ყოველწლიურად რეგიონს საშუალოდ 6-8 მილიონი ტურისტი სტუმრობს. 5 000 კმ სიგრძის სანაპირო ზოლზე 18 მთავარი საზღვაო პორტია განლაგებული. მათგან ყველაზე ცნობილია კონსტანტა (რუმინეთი), ოდესა (უკრაინა), ვარნა (ბულგარეთი) და, რა თქმა უნდა, სტამბოლი (თურქეთი), რომელიც შავი ზღვის ყველაზე დიდი ქალაქია. ბოლო 50 წლის განმავლობაში შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგია და ბუნება მზარდი ზემოქმედების ქვეშაა. ძირითადად, ეს ადამიანის მიერ გამოწვეული ისეთი ფაქტორების შედეგია, როგორიცაა ევტროფიკაცია (მავნე წყალმცენარეების მასობრივი ყვავილობის ზრდა) და ჰიპოქსია (ჟანგბადის დაკარგვა), ჭარბი თევზჭერა და უცხო სახეობების შემოტანა. დაბოლოს, კლიმატის ცვლილება ასევე მკაფიო უარყოფით ზეგავლენას ახდენს შავ ზღვაზე.

ინოვაციური კვლევითი თანამშრომლობის მნიშვნელობა შავი ზღვის მომავლისთვის

შავი ზღვის ეკოსისტემის სერვისები მომავალი თაობებისთვის უნდა შენარჩუნდეს. კვლევა, ინოვაცია და დაინტერესებულ მხარეებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს შავი ზღვის ეკოსისტემის უკეთესად გაგებაში. მსგავსი კვლევისა და თანამშრომლობის შედეგები ხელს უწყობს ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტებისა და პოლიტიკის შემუშავებას ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ევროკავშირმა სტიმული მისცა მსგავს ინოვაციურ კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას Horizon 2020-ის პროგრამის ქოლგის ქვეშ არსებული ერთობლივი ინიციატივების დახმარებით, რასაც ასევე გააგრძელებს მისი მემკვიდრე Horizon Europe. პოლიტიკის დონეზე ევროკავშირს ასევე სურს, რომ შავი ზღვის რეგიონში კვლევებსა და ინოვაციებში თანამშრომლობას შეუწყოს ხელი. 2019 წლის მაისში შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნისა და მოლდოვის ერთობლივი მუშაობის შედეგად, საზღვაო ექსპერტებისა და ევროპული კომისიის ჩართულობით, შეიქმნა შავ ზღვაში სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციის დღის წესრიგი (SRIA). SRIA მიზნად ისახავს ერთობლივი ხედვის ხელშეწყობას 2030 წლისთვის შავი ზღვის რეგიონის პროდუქტიული, ჯანსაღი, მოქნილი და მდგრადი განვითარებისთვის,მისი განსაკუთრებული და უნიკალური ეკოსისტემის გათვალისწინებით. Black Sea SRIA მთავარი სამეცნიერო ღერძია შავი ზღვის რეგიონში საერთო საზღვაო დღის წესრიგისთვის (CMA), რომელსაც ასევე 2019 წლის მაისში დაუჭირეს მხარი.

Horizon 2020-ის გამორჩეული პროექტები შავი ზღვის რეგიონის გასაუმჯობესებლად

Results Pack-ში ჩვენ მოკლე სტატიებად წარმოვადგენთ ექვს ახალ შედეგს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ახლახან დასრულდა ან მალე დასრულდება. ესენია ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუწყო ხელი სხვადასხვა საზღვაო დისციპლინის ინიციატივებმა შავი ზღვის კვლევას რეგიონში მომუშავე მეცნიერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ამ პაკეტში ასევე შედის ორი სრულიად ინდივიდუალურად მომზადებული სტატია, რომელთაგან ერთი ეხება პროექტის SIMSEA განგრძობად მუშაობასა და მემკვიდრეობას. აღნიშნული პროექტი დღესაც მუშაობს. მეორე სტატია კი წარმოადგენს იმ დასრულებული პროექტების შეჯამებას, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში კვლევების შთაგონების წყაროდ იქცა. საბოლოო ჯამში, პროექტები ფარავს თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ეკოსისტემისა და დაბინძურების მოდელირება; სოციალური ინოვაცია; ეკოტურიზმი; მდგრადი მობილობა პორტებში; საზღვაო სივრცითი დაგეგმარება; და მდგრადი და ინკლუზიური ზრდა. ამ პროექტებიდან ზოგი ლიდერის როლსაც ასრულებს, როცა საქმე ეხება მდგრადი განვითარების მიზნებსა და ევროპის მწვანე შეთანხმებას, რომელიც კლიმატის დარგში ევროკავშირის ფლაგმანურ ინიციატივას წარმოადგენს, 2050 წლისთვის ნახშირბადისგან სრულიად თავისუფალი ევროკავშირის მისაღწევად. Results Pack ასევე მიზნად ისახავს რეგიონული და ადგილობრივი მკვლევრებისა და ინოვატორების ახალი თაობისთვის შთაგონების წყაროს შექმნას. წარმოდგენილმა პროექტებმა შეიძლება სტიმული მისცეს სხვებს, რომ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება რეგიონის ეკოსისტემისა და მილიონობით ადგილობრივის ცხოვრების გაუმჯობესებას მოახმარონ. მათ ჯეროვანი მხარდაჭერა შეიძლება გაუწიოს ევროკავშირის ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების პროგრამა და შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, ეს უკანასკნელი კომისარმა მარია გაბრიელმა შეიმუშავა. შავი ზღვა თავისი საზღვაო აუზითა და სანაპიროს სოციალურ-ეკონომიკური სისტემებით შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც გლობალური მნიშვნელობის ბუნებრივი ლაბორატორია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებისთვის და ლურჯი ეკონომიკის მდგრადი განვითარების პოლიტიკისთვის. ამ მხრივ, ის ბუნების ნამდვილი საგანძურია! ნაწილობრივ, Results Pack-ში განხილული ინიციატივების წყალობით გაჩნდა იმედი, რომ მისი უნიკალურობის შენარჩუნებისა და გამოყენებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

Results in Brief
სტიმული შავი ზღვის რეგიონში ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის
Society icon

22 October 2020

Results in Brief
შავი ზღვისა და კასპიის ზღვის უნიკალური ბიოტა შემაშფოთებელი ტემპით ნადგურდება
Climate Change and Environment icon

22 October 2020

Results in Brief
შავი ზღვის რეგიონის მკვლევართა დაახლოება
Society icon

22 October 2020

News
SIMSEA-ს მემკვიდრეობის გაგრძელება შავი ზღვის საიდუმლოებების ამოხსნას ისახავს მიზნად
Climate Change and Environment icon
Food and Natural Resources icon

22 October 2020

Results in Brief
აკვაფონიკის ინოვაციური მოდელი მდგრადი აკვაკულტურისკენ მიმავალ გზას გვთავაზობს
Food and Natural Resources icon

22 October 2020

News
ისევ ყურადღების ცენტრშია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წარმატებული პროექტები, რომლებსაც შავი ზღვის კვლევაში დიდი წვლილი შეაქვს
Climate Change and Environment icon
Food and Natural Resources icon

22 October 2020

Results in Brief
საპორტო ქალაქები დროსთან ერთად (სწრაფად) იცვლება
Transport and Mobility icon

22 October 2020

Results in Brief
მოტივტივე კუნძულები საცხოვრებლად და სამუშაოდ
Food and Natural Resources icon
Energy icon

22 October 2020